როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს შეურაცხყოფა, დაგემუქრნენ - რჩევა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე Facebook-ზე აქვეყნებს რჩევებს, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები იმ შემთხვევაში, თუ უცხო ნომრიდან დაურეკეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრნენ ან ოფისთან პლაკატები გაუკრეს.
ნონა ქურდოვანიძის პოსტი სრულად:
"ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება მაინც მნიშვნელოვანია. ეს ფაქტები არ უნდა დარჩეს დოკუმენტირების გარეშე.
თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან დაგემუქრნენ:
- მიმართეთ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს. მიმართვა შესაძლებელია ონლაინაც. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური ვალდებულია შეისწავლოს, სახელმწიფო ბაზებზე წვდომა ვის ჰქონდა და საიდან გამჟღავნდა თქვენი პერსონალური მონაცემები;
- მიმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის/პროკურატურას. მიმართვა შესაძლებელია ონლაინაც. ტელეფონზე განუწყვეტელი რეკვა, დევნა, მათ შორის, თუ მას თან ახლავს მუქარა, დანაშაულია. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა/პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს ქმედებები და გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები. ამ ნაწილში არის რისკი, რომ თქვენს ტელეფონს დროებით საგამოძიებო ორგანო დაიტოვებს, თუმცა, წესით, ეს არ სჭირდება ამ ტიპის დანაშაულის გამოძიებას.
თუ თქვენს ოფისთან გააკრეს პლაკატები:
- დაუკავშირდით თბილისის მერიას. თბილისის ქუჩებში ასეთი პლაკატების გაკვრა, სამართალდარღვევაა, რომლის აღკვეთა, მათ შორის, პლაკატების ჩამოხსნა, თბილისის მერიის ვალდებულებაა. ამ ფაქტების შესახებ დამატებით საგამოძიებო ორგანოსაც შეგიძლიათ აცნობოთ, რადგან დევნის ერთ-ერთი ფორმაა ეს.
მალე მოვამზადებთ შესაბამისი უწყებებისათვის მიმართვებისთვის განცხადების შაბლონებსაც და გაგიზიარებთ", - წერს ის.
ბოლო რამდენიმე დღეა რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ადამიანებს ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან, მათ შორის იყო მოკვლის მუქარაც.