"რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია" - ასე უპასუხა სუს-ის უფროსმა კითხვას, სურთ თუ არა, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ მწერლები და ხელოვანები აპირებდნენ გადატრიალებას.
მისი თქმით, არაფრის მტკიცებას არ აპირებენ, თუმცა, თუ გამოძიება დაადგენს, მათი ბრალეულობის შესახებ, შესაძლოა, სასამართლომ იმსჯელოს.
"რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, რევოლუციონერებს აქვთ მოტივაცია, ფიზიკური შესაძლებლობები, ა.შ. მწერალიც შეიძლება, თუმცა მწერალსაც გააჩნია, ვინ რას წერს და ვინ მწერალია და ვინ პოეტი, ვერ გაიგებ. რევოლუციონერი გინახავთ რამე პროფესიას რომ ამთავრებდეს ან რისკიანი პროფესიის ხალხი იყვნენ რევოლუციის მომწყობები და დაბალი რისკის პროფესიის ადამიანები არ იყვნენ. აბოსლუტური სიგიჟეა ამის მტკიცება", - თქვა მან.
სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.
"გადატრიალების" შესახებ პროპაგანდისტულ და დაუსაბუთებელ საქმეზე მორიგ განცხადებაში სუს ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს.
მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.
"კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ", - ამტკიცებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.