რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება - მოძრაობა 2 დღით აიკრძალება

რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება - მოძრაობა 2 დღით აიკრძალება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

მერიის ცნობით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 15 ნოემბრის 15:00 საათიდან 17 ნოემბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.

"რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, კვლავ კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდება, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს", - წერია განცხადებაში.

UEFA-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა 16 ნოემბერს, 21:00 საათზე, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.