
საუდის არაბეთში დღეს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებები გაიმართა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრა ერ-რიადში, სამეფო რეზიდენციაში მიმდინარეობდა.
მხარეები უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესაძლებლობების განსახილველად შეიკრიბნენ, თუმცა უკრაინის ოფიციალური პოზიციაა, რომ ისინი არ ცნობენ შეთანხმებებს, რომლებშიც უკრაინა არ არის ჩართული.
შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ - სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვოტკოფი.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, ერ-რიაში იმყოფებიან - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ Reuters-მა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანის ტემი ბრიუსეს განცხადება გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - ერთადერთი მშვიდობისმყოფელი ლიდერია, რომელსაც შეუძლია რომ უკრაინა-რუსეთის ომი დაასრულოს და ჩამოთვალა მოლაპარაკებების შედეგები, კერძოდ, მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ:
შეხვედრის შემდეგ მარკო რუბიომ თქვა, რომ მოლაპარაკებების მიზანი კონფლიქტის სამართლიანად დასრულებაა.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებების მიზანი არის ამ კონფლიქტის დასრულება სამართლიანად, გრძელვადიანად და მდგრადად და ისე, რომ ეს ყველა ჩართული მხარისთვის მისაღები იყოს. როგორ იქნება ეს? სწორედ ამას შეეხება მოლაპარაკებები", - თქვა მარკო რუბიომ.
სახელმწიფო მდივანმა ასევე მოლაპარაკებებში ევროკავშირის მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"ევროკავშირი რაღაც მომენტში უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგანაც მათ აქვთ დაწესებული სანქციები [რუსეთისთვის]", - თქვა მარკო რუბიომ.
ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ მარკო რუბიომ თქვა, რომ აშშ და რუსეთი ვაშინგტონსა და მოსკოვში ახალი ელჩების დანიშვნაზე შეთანხმდნენ.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებებს "სასარგებლო" უწოდა და თქვა, რომ "არა მხოლოდ მოუსმინეს ერთმანეთს, არამედ გაიგეს ერთმანეთის და ამერიკულმა მხარემ უკეთ გაიგო [რუსეთის] პოზიცია".
სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ახალი ელჩების დანიშვნაზე შეთანხმება "ყველაზე სასწრაფო და არც თუ ისე რთული" საკითხი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმდნენ, მოიხსნას სირთულეები, რომლებსაც "ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლო 4 წლის მანძილზე აწყობდა" რუსეთის დიპლომატიური მისიების მიმართ - ამ სირთულედ მან "დიპლომატების მუდმივი გაძევებები" დაასახელა.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესი", - თქვა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა თქვა, რომ რომ მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართა და მხარეებს შორის სერიოზული დისკუსია გაიმართა.
მან აღნიშნა, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პოზიციები მნიშვნელოვნად დაახლოვდა, თუმცა ერ-რიადში ამ თემაზეც იმსჯელეს.
"შევთანხმდით, რომ ერთმანეთის ინტერესებს გავითვალისწინებთ", – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ
რაც შეეხება მომავალ კვირაში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრას, უშაკოვის თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კონკრეტული თარიღები ჯერ კიდევ არ განხილულა და საჭიროა დამატებითი სამუშაო პროცესები.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისა და აშშ-ის სპეციალური ჯგუფები უკრაინის საკითხზე კონტაქტს დროულად დაიწყებენ. რუსული მხარის წარმომადგენლობას ამ მოლაპარაკებებში ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავს, ხოლო ამერიკულ მხარეს ამ ეტაპზე შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-სა და რუსეთს შორის ყველაზე მაღალი დონის შეხვედრა იყო.