რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. რეგიონის ე.წ. მეთაური აცხადებს, რომ დრონი მოხვდა ჯანკოის რაიონში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობს.
სერგეი აქსიონოვის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს და ჩაახშეს 11 უპილოტო საფრენი აპარატი. ამასთან, ის აცხადებს, რომ დრონის ნამსხვრევებმა კიროვის რაიონში საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
მოგვიანებით, ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა Telegram-ზე დაწერა, რომ ჯანკოის რაიონში, 5 კილომეტრის რადიუსში დასახლებების მაცხოვრებელთა ევაკუაცია მოხდება.
17 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე შეჩერდა მიმოსვლა, რადგან "კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში საგანგებო შემთხვევა მოხდა".
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის სპეცოპერაცია იყო, კერძოდ, უკრაინსკა პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ.
22 ივლისს უკრაინის ძალებმა ყირიმში ოკუპანტების ნავთობის ავზი და იარაღის საწყობი დაბომბეს.