ყირგიზეთმა "უცხოური გავლენის აგენტების" კანონი მიიღო. შესაბამის განკარგულებას ხელი ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა მოაწერა.
ის 2021 წელს რუსეთში მიღებული კანონის მსგავს დებულებებსა და მუხლებს შეიცავს და დამატებით ვალდებულებებს უწესებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც "პოლიტიკურ" საქმიანობას ეწევიან. კანონს მიღებას უფლებადამცველი ორგანოები აკრიტიკებენ.
გარდა ამისა, ის ყირგიზეთის ხელისუფლებას ანიჭებს ზედამხედველობის უფრო დიდ ბერკეტს, რომელიც სანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.
ევროპის უსაფრხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ თებერვალში ყირგიზეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კანონპროექტის მიღება ნეგატიურ გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე, უფლებადამცველებსა და მედიაზე.
ჟაპაროვის ოფისი კი განცხადებაში ირწმუნება, რომ კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების "უფრო მეტი გამჭვირვალობისთვისაა" შექმნილი.
კანონპროექტის დამტკიცებას გამოუხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც, ღრმა შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშობას უქმნის საფრთხეს. სახ.დეპის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ ყირგიზეთში ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ მმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოებას.