ყაველაშვილი: პოლიტიკურ ლიდერებს ვთავაზობ შეწყალებას - დაამტკიცონ რომ არიან გამარჯვების ღირსი

ყაველაშვილი: პოლიტიკურ ლიდერებს ვთავაზობ შეწყალებას - დაამტკიცონ რომ არიან გამარჯვების ღირსი

ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეჟიმის მიერ დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებს კიდევ ერთხელ სთავაზობს მიმართონ შეწყალების მოთხოვნით და მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა.

იგი ირწმუნება, რომ სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტობის პერიოდში, შეწყალების ინსტიტუტი "დისკრედიტაციისა და პოლარიზაციისთვის" გამოიყენა, ხოლო მან შეძლო და პრეზიდენტის ინსტიტუტი "კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნა."

ყაველაშვილი თვლის, რომ როგორც პრეზიდენტი, იგი მოქალაქეებისთვის სამაგალითო უნდა იყოს.

"იქიდან გამომდინარე, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩემმა წინამორბედმა ეს [შეწყალების] ინსტიტუტი გამოიყენა დისკრედიტაციისა და პოლარიზაციისთვის და დაარღვია კონსტიტუცია, არჩევნის დღიდან, ჩემი პირველი განაცხადი იყო, რომ დავაბრუნებდი პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოებში. პრინციპში, ამ ეტაპისთვის, ეს გამომივიდა. მთავარა სახელმწიფოებრივი მიდგომა სახელმწიფოსთან მიმართებაში, პატივისცემა და როცა სახელმწიფო მეთაური ხარ, მაგალითი უნდა იყო უბრალო მოქალაქისთვის - რომ შენ თავად იქნები გარანტი კონსტიტუციის და არ დაარღვევ კანონს.

იქიდან გამომდინარე, რომ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ, რომ სრულყოფილად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ყველა პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციების მოვალეობაა, რომ, სრულყოფილი არჩევნების ჩასატარებლად, შევქმნათ შესაბამისი გარემო. იმ ძალების პოლიტიკური ლიდერები, რომლებზეც საზოგადოებამაც იცის, რომ აპირებენ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ამ ეტაპისთვის, სამართლიანად არიან გისოსებს მიღმა. მათ დაარღვიეს კანონი და მოუწიათ პატიმრობა, მაგრამ მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს, საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში და არ ჰქონდეთ შეფერხება საარჩევნო პროცესში", - განაცხადა ყაველაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.