
საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული თემი, შესაბამისი პროფესიული საზოგადოებები და ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ და გმობენ ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერი მცდელობა – როგორც ეს მოხდა ნინო დათაშვილის შემთხვევაში – ჩანასახშივე აღმოიფხვრას.
განცხადება სრულად:
"საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული თემი, შესაბამისი პროფესიული საზოგადოებები და ორგანიზაციები ვგმობთ ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას და მოვუწოდებთ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერი მცდელობა – როგორც ეს მოხდა ნინო დათაშვილის შემთხვევაში – ჩანასახშივე აღმოიფხვრას.
რა არის ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება?
ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება არის პოლიტიკური რეპრესიების ჩვეული მეთოდი ავტორიტარულ და დიქტატორულ სისტემებში.
საბჭოთა კავშირში დისიდენტების საზოგადოებისგან იზოლაცია მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებითი მოთავსებისა და “მკურნალობის” გზით პოლიტიკური ანგარიშსწორების ჩვეული ხერხი იყო. ამგვარ პრაქტიკას, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ენიჭება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია.
არც საქართველო წარმოადგენდა ამ თვალსაზრისით გამონაკლისს – საკმარისია გავიხსენოთ ჟურნალისტი ნაზი შამანაურის შემთხვევა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის გამო იძულებით მოათავსეს ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ცემით მოკლეს.
რას მოგვასწავებს ნინო დათაშვილის შემთხვევა?
ნინო დათაშვილის შემთხვევა განსაკუთრებით საგანგაშოა:
6 წლის წინ, წელის მალთაშუა დისკის დაზიანებით გამოწვეული მწვავე და ქრონიკული ტკივილის ფონზე, მას ფსიქო-ემოციური სფეროს სირთულეები განუვითარდა. ეს არის ბუნებრივი და გავრცელებული რეაქცია ქრონიკულ ტკივილზე საპასუხოდ.
სამედიცინო ფორმა 100-ში მას, ძირითად დიაგნოზთან ერთად, ემოციური ლაბილობაც ჩაუწერეს, რაც არ წარმოადგენს კლინიკურ დიაგნოზს აშლილობების არცერთი კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით.
ფაქტი, რომ პროკურატურამ სწორედ ეს ხანდაზმული ამბავი გამოიყენა შეურაცხადობაზე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლად, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, მიგვანიშნებს დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემის მიერ ფსიქიატრიის პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობაზე.
შედეგად, ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს.
მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ე.წ. გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები – შფოთვა, დეპრესია, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა და ამ ფონზე ემოციური ლაბილობა – აწუხებს ყოველ მეოთხე ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ამის გამო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, ამ ექსპერტიზის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში თავად პირის მონაწილეობის გარეშე, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და შესაძლოა გავუტოლოთ არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
მოგიწოდებთ, რომ ეს საგანგაშო და მანკიერი პრაქტიკა ჩანასახშივე აღმოფხვრათ და არ ვაქციოთ ფსიქიატრია და მედიცინა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად, როგორც ეს ფაშისტურ პოლიტიკურ რეჟიმებს ახასიათებს. სხვანაირად, ნაზი შამანაურის მსგავსი ტრაგედიები შესაძლოა გახდეს ჩვენი ახალი რეალობა და ყოველდღიურობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მიმართვას ხელს აწერს 200-ზე მეტი სპეციალისტი, პროფესიული ასოციაცია თუ მოქმედი ორგანიზაცია - ხელმომწერთა რაოდენობა განახლებადია.