ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, წიწამურთან GWP-ის წყალსადენი მდებარეობს ხეობაში, რომელიც სახელმწიფომ მესამე პირს 14 ათას ლარად იჯარით გადასცა.
მათივე ცნობით, სახელმწიფო ეროვნული ქონების სააგენტომ 2017 წელს 7885 კვ.მ მიწის ნაკვეთი ფიზიკურ პირს იჯარის უფლებით გადასცა - ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი 10 წელი განისაზღვრა.
ასევე, ფლანგვის დეტექტორში აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულებაში, რომელიც ფიზიკურ პირსა და ქონების სააგენტოს შორის დაიდო, არ იყო მკაცრად განსაზღვრული აღნიშნული ტერიტორიით სარგებლობის წესები.
"ხელშეკრულებაში, მხოლოდ ერთ წინანდლებად ვკითხულობთ, რომ "მოიჯარე" ვალდებულია "უზრუნველყოს ქონების მოვლა და პატრონობა".
"წლების განმავლობაში დაგროვილმა ნაყარმა მასალამ წიწამურში, არაგვის ხეობაში, დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა. სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა ევროპული პროცედურებისადმი გულგრილობა გამოიჩინეს და ტერიტორია უბრალოდ გასცეს ყოველწლიურად 14,120 ლარის საიჯარო ქირის სანაცვლოდ. იჯარით გაცემის შემდეგ მუნიციპალიტეტი აუცილებელ მონიტორინგს არ ახორციელებდა, ახლა კი ყველა პასუხისმგებელი სტრუქტურა დუმს"- ნათქვამია ინფორმაციაში.
16 ივნისს კომპანია GWP-მ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
ამ დრომდე ათობით ათას აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, წყალმომარაგების აღდგენას 5 დღე დასჭირდება.
ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში.
GWP-ში ამბობენ, რომ მათგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.
19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.