
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველამ "მაქსიმალურად უნდა აკონტროლოს რიტორიკა", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "კანონის ამოქმედებით" იმუქრება.
კობახიძემ ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებას, როდესაც მათ თქვეს, რომ "იწყებენ მშვიდობიან რევოლუციას, ქართული დროშებით".
კობახიძის თქმით, კანონს "მთელი სიმკაცრით" აამოქმედებენ.
"შეაჩვიეს ენა ჩვენს სახელმწიფოს, არავის არ მივცემთ ამის საშუალებას, როგორც ვახსენე - კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურ მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით...
ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა, ე მანდ, როგორც ჟარგონზე იტყვიან, არ აღმოჩნდნენ იქ, სადაც ვიღაც-ვიღაცები აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული, კანონი არ შეიძლება ასე მარტივად დაარღვიოს ადამიანმა - სადაც დავინახავთ კანონის დარღვევას, მათ შორის, რიტორიკის დონეზე, ყველგან გვექნება შესაბამისი რეაგირება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.