
საქართველოში უკრაინის საელჩო აცხადებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის საქართველოში შემოტანის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ "ქართული მხრიდან არ მიუღიათ ოფიციალური ინფორმაცია".
რადიო თავისუფლებისთვის წერილობით გაგზავნილ შეკითხვაზე უკრაინის საელჩო ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით "ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს" ახორციელებენ.
ამასთან, საელჩომ რადიო თავისუფლებას მისწერა, რომ "საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა ზემოაღნიშნულ უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად".
საელჩოში კომენტარს არ აკეთებენ დამატებით შეკითხვებზე, ეცნობა თუ არა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოში უკრაინის ორი მოქალაქის დაკავებისა და მათგან ერთის მიერ მიცემული ჩვენების შესახებ და რა ზომებს მიმართავს უკრაინის უშიშროების სამსახური.
11 სექტემბერს, ქართული ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებსაც ქვეყანაში 2.4 კილოგრამის ოდენობით აფასეთქებელი ნივთიერება - ჰექსოგენის შემოტანას ედავებიან.
ქართული ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, "არსებობს თუ არა კავშირი უკრაინის 2 მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის".