
სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო ამბობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრისას მას "სრული იდიოტი" უწოდა.
ეს განცხადება მან პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ EU-ის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების საკითხს განიხილავდა.
"ურსულამ მკაცრად, ძალიან მკაცრად მისაყვედურა. რობერტ, რა ჩაიდინე? რატომ მოელაპარაკე ტრამპს ასე? ნახევარი საათის განმავლობაში მსაყვედურობდა და მეუბნებოდა, რომ სრული იდიოტი ვარ", - თქვა მან.
რობერტ ფიცოს თქმით, ის ტარიფების პრობლემების მოგვარების საკითხზე აქტიურობას მაინც განაგრძობს.
მოგვიანებით, რობერტ ფიცომ განმარტება გააკეთა და თქვა, რომ "იხუმრა", როდესაც თქვა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა მას "სრული იდიოტი" უწოდა და აღნიშნა, რომ სლოვაკურმა მედიამ და ოპოზიციამ მისი ხუმრობა ვერ გაიგეს.