ფიროსმანის ქუჩაზე 27 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს

ფიროსმანის ქუჩაზე 27 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს

20 ოქტომბერს, თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გუშინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა 1997 წელს დაბადებული ტ.ფ.-ს მიმართულებით, მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.ფ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საპასუხო გასროლისას დაიჭრა ი.ბ., რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტს შეესწრნენ, ბრალდებულის მეგობრები - გ.ბ., ჯ.ფ. და დ.მ., თუმცა მათ სამართალდამცავ უწყებას დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინეს.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ი.ბ. ხოლო, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ., 1988 წელს დაბადებული ჯ.ფ. და 1987 წელს დაბადებული დ.მ"- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.