ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეაში პუტინის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა მთავრობათაშორის ხელშეკრულებებს ჯანდაცვის, სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ასევე მდინარე ტუმენის სასაზღვრო საგზაო ხიდის მშენებლობაზე.
პრესკონფერენციაზე, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი შეთანხმება ერთ-ერთ ქვეყანაზე აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს.
2 000-წელს ვიზიტის შემდეგ პირველად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.
რუსეთის პრეზიდენტს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი დახვდა. ლიდერებმა გაიარეს წითელი ხალიჩა, გაისაუბრეს რამდენიმე წუთი, რის შემდეგაც კორტეჟმა აეროპორტის ტერიტორია დატოვა.
ვლადიმირ პუტინთან ერთად ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდნენ ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვები.
ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი 2 დღე გაგრძელდება.