
რუსული პროპაგანდისტული მედია ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ და რუსეთი პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრა "უახლოეს დღეებში" გაიმართება.
"ამერიკული მხარის წინადადებით, პრინციპში, შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, კერძოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის", - თქვა მან.
უშაკოვი ამბობს, რომ მხარეებმა შეხვედრის დასაორგანიზებლად მუშაობა უკვე დაიწყეს. მისი ჩატარების თარიღად მომდევნო კვირაა განსაზღვრული, თუმცა იგი ჯერ არ ადასტურებს მისი ჩატარების ზუსტ დროს.
შეთანხმებულია შეხვედრის ადგილიც, რომელიც მოგვიანებით გასაჯაროვდება.
გუშინ, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის იდეა გამოთქვა, რომელსაც აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები დაესწრებოდნენ, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეს წინადადება მოსკოვმა უკომენტაროდ დატოვა.
"ჩვენ ვთავაზობთ, ძირითადად, ტრამპთან ორმხრივი შეხვედრისთვის მომზადებაზე გავამახვილოთ ყურადღება და მთავარია, ეს შეხვედრა წარმატებული და პროდუქტიული იყოს", - აღნიშნა უშაკოვმა.
გუშინ The New York Times-მა დაწერა, რომ ტრამპი გეგმავს შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, რის შემდეგაც, გეგმის მიხედვით, სამი ქვეყნის ლიდერს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მან ევროპელ ლიდერებს აცნობა, რომლებმაც ტრამპს მხარი დაუჭირეს.