
ვალაამის სამონასტრო კომპლექსში ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ სტუმრობისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის 10-დღიან ულტიმატუმთან დაკავშირებით პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვის მიემართებოდა მისი განცხადება, თუმცა აშკარაა, რომ მისი სიტყვების სამიზნე დონალდ ტრამპი და მის მიერ წამოყენებული 10-დღიანი ულტიმატუმია.
კერძოდ, პუტინი ამბობს, რომ "ყველა იმედგაცრუება გადაჭარბებული მოლოდინებიდან მომდინარეობს."
"რაც შეეხება ნებისმიერ იმედგაცრუებას, რომელსაც ვინმე განიცდის, ყველა იმედგაცრუება გადაჭარბებული მოლოდინებიდან მომდინარეობს. ეს ცნობილი, ზოგადი წესია", - თქვა ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებას "სერიოზული დისკუსიები სჭირდება" - არა საჯარო, არამედ მშვიდი მოლაპარაკებები.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს, დონალდ ტრამპმა, რუსეთს 10-დღიანი ვადა მისცა, რათა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში.
მისი თქმით, თუ რუსეთი ვადაში არ გადადგამს ნაბიჯებს, აშშ ტარიფებსა და სხვა ეკონომიკურ ზომებს დააწესებს.
„არ ვიცი, იმოქმედებს თუ არა ეს რუსეთზე, მაგრამ რუსეთს, როგორც ჩანს, ომის გაგრძელება უნდა,“ – დასძინა ტრამპმა.
მანამდე, ტრამპმა 28 ივლისს გამოთქვა იმედგაცრუება ვლადიმერ პუტინის მიმართ და განაცხადა, რომ შეამცირებს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად რუსეთისთვის მანამდე განსაზღვრულ 50-დღიან ვადას.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრამპის ახალ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა.