პუტინი ამბობს, რომ ფრენები ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ აღადგინეს

პუტინი ამბობს, რომ ფრენები ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ აღადგინეს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. ამის შესახებ მან ორგანიზაცია "საქმიანი რუსეთთან" შეხვედრის დროს განაცხადა.

პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ პუტინს კითხვა დაუსვა რომან ბოკერიამ, რომელიც Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი იყო. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ "საქმიანი რუსეთის" გენერალური საბჭოს წევრი და "საქართველოს ბიზნეს ელჩია".

პუტინის თქმით, მისთვის გაუგებარი იყო ის რეაქცია, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას მოყვა.

"მეგონა, რომ ქართულ ხელმძღვანელობას არაერთხელ დაუყენებია ეს საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური ავიაგადაზიდვების აღდგენის შესახებ და ჩვენ გადავდგით ეს შემხვედრი ნაბიჯი. მაგრამ რა ხდება ქვეყნის შიგნით, ეს ჩვენი საქმე არაა, ხალხი თვითონ წყვეტს, რა გზით იაროს საქართველომ, როგორ განვითარდეს და ა.შ. ჩვენ მზად ვართ გზის ჩვენი ნაწილი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ვდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს და მომავალშიც გადავდგამთ, იქიდან გამომდინარე, როგორი რეაგირება ექნებათ ამაზე ჩვენს პარტნიორებს", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

***

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.

რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.

რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც - Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.