პუტინი ვიზების გაუქმებაზე: მოულოდნელი რეაქცია იყო, მეგონა, მადლობას იტყოდნენ

პუტინი ვიზების გაუქმებაზე: მოულოდნელი რეაქცია იყო, მეგონა, მადლობას იტყოდნენ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ მას აკვირვებს საქართველოს რეაქცია ვიზების გაუქმებაზე. ამის შესახებ ერთ-ერთ ორგანიზაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო რეაქცია, რომელიც ამ ყველაფერს მოჰყვა. მეგონა, რომ ყველა იტყოდა, მადლობა, კარგია. არა, რაღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ამოვარდა ამ საკითხზე. ძალიან უცნაურია. ​​და უბრალოდ, გულწრფელად რომ გითხრათ, მოულოდნელი. როცა ვუყურებ გვერდიდან ვფიქრობ, სრულიად გაგიჟდნენ თუ რა? რა ხდება მათთან, გაუგებარია", - თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება მათ შორის შვებულებების სეზონების მოახლოებასთან დაკავშირებითაც მიიღო. პუტინი ამტკიცებს, რომ იმ ადამიანების "მხარდაჭერა" სურდა, რომლებიც რუსეთთან "ნორმალური ურთიერთობების დამყარებას" ცდილობენ.

***

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.

რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.

რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც - Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.