პროკურატურა გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს

პროკურატურა გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ექიმ გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამარლოში გაასაჩივრებს.

პროკურატურის განცხადება:

"საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 3,73133 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას „ალფაპევეპეს“ (α-PVP).

სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

***

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე მტკიცებულებათა არარსებობის გამო უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

წინა სხდომაზე გიორგი ახობაძემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. მისი და დაცვის მხარის პოზიციით, ექიმს ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებულებები ფაბრიკაციას ეფუძნება:

"ნარკოტესტი არ ჩამიტარეს, რადგან იცოდნენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ ვიყავი… ნივთს რომ ხელი მოკიდო, მასზე დნმ კვალი უნდა დარჩეს – კვალი გაყალბებულია“, — განაცხადა ბრალდებულმა.

გიორგი ახობაძის ადვოკატი აცხადებდა, რომ მის მიმართ განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში არ არსებობს ვიდეომტკიცებულება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გიორგი ახობაძის საქმეს 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განიხილავდა, თუმცა საქმის განხილვის დასასრულს, მოსამართლე შეიცვალა და რომეო ტყეშელაშვილი გახდა.

2024 წლის 7 დეკემბერს გიორგი ახობაძე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ის პოლიციამ დააკავა.

გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.