პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პუტინმა სამძიმარი გამოთქვა

პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პუტინმა სამძიმარი გამოთქვა

ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და ვაგნერის ლიდერების სიკვდილის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი მომხდარს პირველად გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა პრიგოჟინზეც, რომელსაც "ნიჭიერი ბიზნესმენი" უწოდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მან ცხოვრებაში "რამდენიმე სერიოზული შეცდომა" დაუშვა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახებს. ეს ყოველთვის ტრაგედიაა", - განაცხადა მან.

გუშინ ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. როგორც TASS-მა Rosaviatsia-ზე დაყრდნობით დაწერა, მგზავრთა სიაში ირიცხებოდა ევგენი პრიგოჟინიც, თუმცა თავდაპირველად მისი ბორტზე ყოფნა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა - ის შერემეტიევოს აეროპორტიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.