
პოლონეთი განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობას რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რუსული დაზვერვის აქტივობის ფონზე - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა TVN24-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, შენგენის წესების გამონაკლისის დაშვების თაობაზე ოფიციალური შუამდგომლობის წარდგენა განიხილება, რაც პოლონეთს მისცემს უფლებას, კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისთვის კვლავ დააწესოს სავიზო მოთხოვნები.
პოლონეთის შსს-ს მოადგილემ RMF FM-ის ეთერში განმარტა, რომ იმ ქვეყნების სია, ვისაც შეზღუდვები შეიძლება შეეხოს, მოიცავს საქართველოს, სომხეთს, კოლუმბიას და ვენესუელას.
ტუსკის თქმით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები „ცხადი მიზეზების“ გამო უფრო დაუცველები არიან რუსეთის სპეცსამსახურების რეკრუტირების მიმართ. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკის მოქალაქეების შემთხვევაში, პოლონეთი ეჯახება ევროპულ პრობლემას – ისინი ხშირად ესპანეთის მეშვეობით იღებენ ტურისტულ ვიზებს, რაც მათ შენგენის ზონაში გადაადგილებას ამარტივებს.
„ვინც კანონს დაარღვევს, ან ციხეში აღმოჩნდება, ან დეპორტირებული იქნება,“ – განაცხადა ტუსკმა.
ბოლო დროს პოლონეთმა 32 პირი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობაში. მათ შორის არიან რუსეთის, უკრაინის, კოლუმბიის და პოლონეთის მოქალაქეებიც.