პოლიცია კეკელიძის ბინაში შევიდა და მოქალაქეები ძალის გამოყენებით გაიყვანა

პოლიცია კეკელიძის ბინაში შევიდა და მოქალაქეები ძალის გამოყენებით გაიყვანა

აღსრულების პოლიცია თბილისის, კეკელიძის ბინაში შევიდა, სადაც დღეს დილიდან ხარატიშვილების ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობდა. პოლიცია ბინაში გამაგრებული მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა.

საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან არიან შეკრებილნი მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებენ.

პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარის, შემდეგ კი ბინის კარის გაჭრა მოუწია. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა. პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. ჟურნალისტი ამბობდა, რომ მანქანა მისი იყო, თუმცა პოლიციამ ის მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოაგდო და საქმიანობაში ხელი შეუშალა. დაპირისპირების დროს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ფორმულა დეტალებს არკვევს.

აღნიშნულ ვითარებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია სოციაური სამართლიანობის ცენტრი. მათი ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, თბილისში, გამოსახლება სამ ოჯახს შეეხება. 23, 24 და 26 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლება იგეგმება. რაც შეეხება ხატიაშვილების ოჯახს, მათი გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა.

კეკელიძის 1 ნომერში მარინა ხატიაშვილის ოჯახი ამ დრომდე ცხოვრობდა. რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი ყვებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, "მევახშესთან" დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.