
ქართულ ოცნებას სკანდალი არასოდეს აკლდა. როგორც წესი, მათი რაოდენობა არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდებოდა და როგორც წესი - უმრავლესობა - ოპონენტების მიერ მოპოვებულ მასალებს, თუ ივანიშვილზე განაწყენებული ფიგურების საჯარო მხილებას უკავშირდებოდა.
ამჟამინდელი სკანდალები თვისობრივად განსხვავებულია და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს - თავად ოცნების მიერ არის ინიცირებული. ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვხმარობ სიტყვას ,,პროვოცირებული", რადგან ჩემს მიერ ჩამოთვლილი ვერსიებიდან ერთ-ერთს სწორედ ეს შეფასება ერგება.
უზარმაზარი მასშტაბის კორუფციული გარიგებები, ასევე მსოფლიო რეზონანსის ფულის გათეთრების კრიმინალური ოპერაციები, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და იარაღის უკანონოდ ტარების შემთხვევებზე კამპანიური რეაგირების მაგალითები, რომელშიც თავად ოცნების წევრებიც ხვდებიან.
მოახლოებული 4 ოქტომბრის ორივე მოვლენის - მუნიციპალური არჩევნების და წინასწარ დაანონსებული მშვიდობიანი დამხობის მოლოდინის ფონზე ყველა ეს მოვლენა წინააღმდეგობრივად მოჩანს იმ ქცევით გამოცდილებასთან მიმართებაში, რომელიც ხელისუფლებებს როგორც წესი, არჩევნების თუ სხვა მნიშვნელოვანი საფრთხის განცდის დროს ახასიათებთ.
მე მხოლოდ ვერსიების ძირითად ნაწილს ჩამოვთვლი, რომლის მიღმა შესაძლოა მათი კომბინაცია, ან სრულიად სხვა მიზეზებიც არსებობდეს. დახურულ, ავტორიტარულ სისტემებში ასეთი რამ ხშირად ხდება და გამონაკლისს არც ქართული ავტორიტარიზმი წარმოადგენს. მაგრამ ამ ვერსიებში, რაც პირველი თავში მოგდის ,,პოლიტიკური თვითკანიბალიზმის" პროცესია. ანუ, როცა სისტემა განვითარების, უფრო სწორედ - დეგრადაციის იმ წერტილს აღწევს, როდესაც თავად იწყებს საკუთარი თავის, ანუ მის მიერვე შექმნილი სისტემის და ამ სისტემაში მყოფი მოძლიერებული ფიგურების ჭამას.
დღევანდელი ქართული ოცნება აღარ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაკომპლექტებული ფინანსური თუ პოლიტიკური კაპიტალის არმქონე, ანუ უპოვართა კრებული, რომელიც ყოველმხრივ ივანიშვილის კმაყოფაზეა დამოკიდებული. ეს არის ღირებულება გამოცლილი, უკიდურესად გამდიდრებულთა კასტა, რომელთაც მართალია სოციალური და პოლიტიკური კაპიტალი არ შემატებიათ, მაგრამ გაუჩნდათ დამოუკიდებელი ფული, რესურსები და მის მობილიზებასა და მართვაში ჩაბმული ინფრასტრუქტურა, შესაბამისი კლანებით, რომლებიც თავის მხრივ ამ ფიგურების კეთილგანწყობაზე არიან დამოკიდებული.
არა ღირებულებით ერთობაზე, ან თუნდაც საერთო პოლიტიკურ მიზნებზე, არამედ კორუფციასა და კრიმინალურ აქტივობაზე დაფუძნებული ასეთი ტიპის სინდიკატს ბევრი სუსტი წერტილი აქვს და უფრო მეტად ხდება მოწყვლადი გარეშე აქტორების ზემოქმედებისთვის და მიდრეკილია დამოუკიდებლად მოქმედების ამბიციების გასაღვივებლად.
შეუძლებელია ეს გარემოებები ივანიშვილს ეჭვებს არ უჩენდეს და მოქმედებებისკენ არ უბიძგებდეს. ანუ პირველი ვერსია - პოლიტიკური თვითკანიბალიზმია, როცა ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი სისტემა საკუთარ თავს ჭამს;
მეორე ვერსია - საქართველოში დასავლეთის ხელთ არსებული ინსტრუმენტების, ასევე ქართული პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის გავლენების შეფასებას უკავშირდება.
შესაძლოა ივანიშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული ქაოსი და უკრაინასა და სხვა მიმართულებებზე არსებული ფოკუსი, ქართული ოპოზიციის უუნარობა - საერთო სტრატეგიის გარშემო ჩამოყალიბდეს და იმოქმედოს, ასევე სამოქალაქო აქტივიზმის უწყვეტობის მიუხედავად, ორგანიზებულ პოლიტიკურ პროცესში გადაზრდის შეუძლებლობა, ქმნის ვითარებას, რომელშიც ივანიშვილი და ოცნება მისი ძალაუფლებისთვის სერიოზულ საფრთხეს ვეღარ ხედავს. შესაბამისად შეუძლია თამამად იმოქმედოს და საკუთარ სახლში არსებული არეულობის დალაგებაზე ისე იზრუნოს, რომ გარეთა თვალი და მითუმეტეს არც მისი ჩარევის შედეგები არ ადარდებდეს. ანუ, წინსწრებათ გაამაგროს ავტორიტარული რეჟიმის ფუნდამენტი იმდაგვარად, რომ მომავალში არსებული რყევების პრევენცია მოახდინოს.
მესამე ვერსია პირიქით - ოთხი ოქტომბრის მოახლოვებასთან ერთად რეჟიმის შიგნით არსებულ სუსტ რგოლებსა და ზოგადად - სისტემაზე კონტროლის დაკარგვის შიშს უკავშირდება.
ინფორმაციები ჟონავს და გადამტერებული დასავლეთის მონდომების, თუ პოლიტიკური ოპოზიციის, კრიტიკული მედიის და არასმთავრობო ორგანიზაციების, სისტემიდან გასული, თუ გასასვლელად ნიადაგის მაძებარი ადამიანების ძალისხმევის შედეგად, მნიშვნელოვანი, გარდამტეხი თარიღების მოახლოებასთან ერთად, ალბათობა იმისა, რომ ის კიდევ უფრო მძლავრ და დამანგრეველ ნაკადად იქცევა - იზრდება.
მარტივად რომ ვთქვათ - გაქვს მოლოდინი, რომ რეზონანსული საინფორმაციო ,,აფეთქებები" მზადდება - კორუფციულ სქემებზე, თაღლითობის მასშტაბური ფაქტებზე, მათ შორის საერთაშორისო რეზონანსის დანაშაულებზე და იწყებ ზიანის მინიმიზებაზე ზრუნვას: თავად იჭერ დამნაშავეებს, თავად ახდენ ცალკეული კრიმინალური სქემების გახსნას, თავად ქმნი ინფორმაციულ ხმაურს და შთაბეჭდილებას, რომ ებრძვი კორუფციას და კრიმინალს და რომ თვითგანწმენდის შინაგანი რესურსი გაგაჩნია.
რათქმაუნდა ეს პროცესი რეპუტაციულად თავადაც გაზიანებს, სისტემის შიგნით მდგრადობას არღვევს, ოცნების კრიმინალურ პოლიტიკური ინფრასტრუქტურის ყველა ფიგურა ყოველი დღის გათენებას შიშის თვალით ელის, მაგრამ სისტემაზე კონტროლს ინარჩუნებ, თუნდაც იმით, რომ ეს შიში - რეჟიმისადამი ლოიალურობას ჯერ-ჯერობით კიდევ უფრო მეტად ზრდის.
ამ ვერსიის ირიბი გაგრძელებაა სისტემის გარეთ შიშის პროეცირება. არის ასეთი ცნობილი რუსული გამოთქმა ,,ბეი სვოიხ, ჩტობ ჩუჟიე ბოიალის! "- ანუ ურტყი შენებს რომ სხვებს ეშინოდეთო..
წინასწარ დაანონსებული ,,მშვიდობიანი დამხობის" მოლოდინში რეჟიმს შეიძლება ჭირდებოდეს თავისიანებთან მკაცრი ხელის ჩვენება სხვების, ანუ როგორც კალაძე და მისნაირები აქციის მონაწილეებს უწოდებენ - ,,სხვა ჯიშის არსებებისადმი" - მოსალოდნელი მკაცრი მოპყრობის პროეცირებისა და ,,ლეგიტიმაციისთვის."
თავშივე ვთქვი, რომ ყველა ვერსიის ჩამოთვლას არც ვაპირებდი. შეუძლებელია ყველაფერს ვხვდებოდეთ, მითუმეტეს დახურული სისტემის გეგმებსა და ქცევის თავისებურებებზე, რომლის სათავეშიც ისეთი ფსიქოტიპის ადამიანი დგას, რომლის ქცევასაც არაერთი საპატივცემულო და მსგავს შეფასებებში თავშეკავებული ექსპერტი - პარანოიას უწოდებს.
ასეა თუ ისე ივანიშვილის ქცევა მაინც გარკვეულ ლოგიკაში, თავად ივანიშვილის მოქმედების ალგორითმში ჯდება. ამის მაგალითი და მტკიცებულებაა მისი გამოჩენა არაბი სტუმრის მიღებაზე. პირველ რიგში მან არ დაარღვეა ტრადიცია და არჩევნების წინ მონატრებულ მხარდამჭერებს საღსალამათად დაენახა ( სხვათაშორის ეს სიტყვა ქართულ-არაბული ეტიმოლოგიური სინთეზია).. და მეორეც: -მკაფიოდ მოახდინა ძალაუფლების რეალური ცენტრის დემონსტრაცია: მისსავე რეზიდენციაში სახელმწიფო ვიზიტის საკვანძო შეხვედრა, სადაც ყველა სხვა ფორმალური ინსტიტუტის წარმომადგენელი, მათ შორის პრემიერმინისტრიც კი მისი თანაშემწის, ხოლო ვიცეპრემიერი - თარჯიმნის როლში იყვნენ წარმოდგენილები.
შეჯამებისთვის ვიტყვი: - ივანიშვილის ქმედებებში თითქოს გარკვეული იმპროვიზირებული ქმედებები მოსჩანს. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა - ეს იძულებით ხდება, თუ მისივე გეგმით, ანუნ ეს მისი ქმედების ალგორთმია, თუ არითმია.. რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ თავად ივანიშვილი და მისი გეგმები არ შეცვლილა: მართვის ავტორიტარული სტილი, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებას, კრიმინალურ-კორუფციული სისტემის ჩამოყალიბებას და სახელმწიფოს მიტაცებას გულისხმობს - უცვლელია.
ახლა მთავარი კითხვა და მოლოდინი ხალხის რეაქციას უკავშირდება. ამ რეაქციის ძველ ალგორითმში რომ ცვლილებებია საჭირო ესეც ფაქტია - ჯერ მთლად დიქტატურა არ ვართ, მაგრამ არც ბევრი გვიკლია და როგორც ვაცლავ ჰაველი წერდა: "დიქტატურები არ ინგრევა მაშინ, როცა სუსტია - ისინი ინგრევა მაშინ, როცა ხალხი აღარ არის მზად მათთან ერთად იცხოვროს“.
4 ოქტომბერი - თავისი პროგნოზირებადი და არაპროგნოზირებადი განვითარებით ამ მხრივ გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.