პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთის თავდასხმას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანი აცხადებს, რომ ინდოეთის თავდასხმას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პაკისტანის სამხედრო ძალების სპიკერმა, აჰმედ შარიფ ჩოდრიმ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ პაკისტანი ინდოეთის თავდასხმას პასუხს ამ წუთებში სცემს, თუმცა, დეტალებზე არ ისაუბრა.

განცხადება გაავრცელა ინდოეთის მთავრობამ. ის აცხადებს, რომ თავდასხმა განახორციელა "ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე, საიდანაც იგეგმებოდა და იმართებოდა ინდოეთზე ტერორისტული თავდასხმები".

"ცოტა ხნის წინ, ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ოპერაცია, რომელიც მიმართული იყო პაკისტანში და ჯამუ ქაშმირში არსებული ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, საიდანაც იგეგმებოდა და იმართებოდა ინდოეთზე ტერორისტული თავდასხმები.

ჩვენი მოქმედებები იყო ფოკუსირებული, კარგად გაზომილი და არაესკალაციური ხასიათის. პაკისტანის სამხედრო ობიექტები არ ყოფილა სამიზნე. ინდოეთმა გამოიჩინა მნიშვნელოვანი თავშეკავება სამიზნეების შერჩევასა და შესრულების მეთოდში", - ნათქვამია ინდოეთის მთავრობის განცხადებაში.

დაახლოებით 2 საათის წინ ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. BBC-ის ცნობით, თავდაპირველა ამის შესახებ პაკისტანმა განაცხადა.

პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელმა თქვა, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანის 3 სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს თავდასხმა.

მოგვიანებით, ინდოეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ პაკისტანში მდებარე 9 ობიექტზე იერიში განახორციელა.

პაკისტანში ამბობენ, რომ თავდასხმას უპასუხებენ.