პაატა სალიას თქმით, პატიმარმა სასიკვდილო დაზიანება, სავარაუდოდ, დაცემის შედეგად მიიღო

პაატა სალიას თქმით, პატიმარმა სასიკვდილო დაზიანება, სავარაუდოდ, დაცემის შედეგად მიიღო

ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ პატიმარ იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ პატიმარმა სასიკვდილო დაზიანება, სავარაუდოდ, დაცემის შედეგად მიიღო.

"გამოქვეყნებული ვიდეო-მასალით აშკარად დასტურდება, რომ პაციენტს, აწ გარდაცვლილ პირს სახეზე არ აღენიშნებოდა რაიმე დაზიანებები, ეს თავისუფლად, შეუიარაღებელი თვალითაც შეგვიძლია ვიხილოთ და ის მძიმე დაზიანება, რომელიც მან თავის არეში მიიღო, სავარაუდოდ, დაცემის შედეგად, ამას გამოძიება დაადგენს საბოლოოდ და შესაბამისი ექსპერტიზების შემდეგ გახდება ცნობილი. სწორედ ამ დაცემის შედეგად მიიღო პატიმარმა ის დაზიანებები, რომლებიც, შემდგომ, სამწუხაროდ, სასიკვდილო აღმოჩნდა. [...]

ოჯახს შეუძლია გაეცნოს იმ უწყვეტ მასალას, რომელიც არსებობს და გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისთვის. რა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანოები შეისწავლიან ამ მასალას, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები და იმედი მაქვს, სპეკულაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს რაიმე მასალა არის დამონტაჟებული ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა ან სხვა პატიმრებმა რაიმე ფორმით ჩაიდინეს ძალადობრივი ქმედება გარდაცვლილი პატიმრის მიმართ - გამოირიცხება", - თქვა პაატა სალიამ.

46 წლის იოსებ გორგაძე გუშინ, 5 მაისს კლინიკა ვივა მედში გარდაიცვალა. კლინიკაში ის გლდანის საპატიმროდან იანვარში, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და მას შემდეგ კომაში იყო.

ოჯახი დაცემის შედეგად პოლიტრავმული დაზიანებების მიღებას გამორიცხავს. იოსებ გორგაძის ძმა თავისი ძმის სიკვდილში ბრალს პენიტენციურ სამსახურს სდებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება დაიწყო.