ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ის ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

"მიხელ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების მანძილზე ის, როგორც წარმატებული ფეხბურთელი იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი. ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის დინამოს, ვლადიკავკაზის ალანიას, მანჩესტერ სითის, წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე...

ის, თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და 4 შვილის მამა", - თქვა ივანიშვილმა.

ოცნებამ პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დანიშნა.

სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება. ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.

პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის ხმების 2/3, 200 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი გახდება ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.

არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება. კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს. თითოეულმა დელეგატმა პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთ წევრი უნდა წარადგინოს და ხმაც მხოლოდ ერთს უნდა მისცეს.