
დღეს ცნობილი გახდა, რომ კოალიცია ძლიერი საქართველო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ეს განცხადება კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კოალიცია ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და კოალიციები.
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გადაწყვეტილებას "ძალიან, უკიდურესად სამწუხარო" უწოდა.
"ძალიან სამწუხაროა. უკიდურესად.
ლელომ ბრძოლისა და წინააღმდეგობის ნაცვლად, რეჟიმთან კომპრომისი და თანამშრომლობა აირჩია.
ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი - ეს არის საერთო ბრძოლის ღალატი; არა ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ რეჟიმთან გარიგება საპატიო მეორე ადგილისთვის.
არ გამოვრიცხავ, მიხეილ ზებრა ყაველაშვილმა ახლა თავადაც შეიწყალოს ლელოს ლიდერები, რომ გარიგებულის მანტია ბოლომდე მოარგოს. ეს ხომ ნაცადი რუსული ტაქტიკაა, ამორალურ კომპრომისზე დაყოლიება და შემდეგ ყველაზე ცინიკურად და სასტიკად მხილება.
დღეს ვიხილეთ ლელოს მორალური სიკვდილი. პოლიტიკა მორალის გარეშე კი არ არსებობს. ამიტომ ოქტომბერში ვიხილავთ მათ ელექტორალურ სიკვდილსაც.
თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!", - დაწერა თინა ბოკუჩავამ.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, "4 პროცენტიანი ლელო რას იზამს, ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს".
"ძალიან კარგია სიცხადე! 4 პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს!
სუსტები არიან თუ მოღალატეები ისტორიამ განსაჯოს, ჩვენ საქმეს მივხედოთ! და საქმე ბევრია და აუცილებლად მივხედავთ!
P.S ხოდა კიდე ფულით და ტელევიზიით აშანტაჟეთ საკუთარი თავები, ბიძინამ ვერ გატეხა ეს ქვეყანა ფულით, მართლა მეცინება", - დაწერა ელენე ხოშტარიამ.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავისუფლების მოედანიც და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებას, "არ აპირებენ მომავალი თვეები შიდაპოლიტიკური ბრძოლის ველად ქცევას დაუთმონ".
"არ ვეთანხმებით "ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას "არჩევნებში" მონაწილეობის შესახებ. ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია.
ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ - ჩვენი მთავარი სამიზნე რუსული პარტიის "ქართული ოცნებაა."
"თავისუფლების მოედანი" ფოკუსირებული ვიქნებით აქტიური ბოიკოტის და ალტერნატიული, დემოკრატიული და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის ორგანიზებაზე და ჩვენს რესურსებს სწორედ ამისაკენ მივმართავთ", - წერს თავისუფლების მოედანი.
პარტია ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ "არაღიარების კამპანიის ფარგლებში მათი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც".
"ფედერალისტების სახელით გიცხადებთ, რომ არაღიარების კამპანიის ფარგლებში ჩვენი სამიზნე იქნება არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორანტებიც.
ჩვენს ამომრჩეველს ინტელექტუალურ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ. რაც არასწორია - ის სამიზნეა!", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.