სახალხო დამცველის აპარატი გასული ღამის განმავლობაში, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 პირის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ხოლო ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.
"გასული ღამის განმავლობაში და დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 პირი მოინახულეს.
დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ხოლო ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა.
სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლება დარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.
გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი უკვე გამოეხმაურა პირბადეების ტარების აკრძალვის რეგულაციას (რასაც ღამით მონახულებული მოქალაქეები დაკავების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებენ) და განმარტა, რომ მართალია, მსგავს შეზღუდვას ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს, უმრავლეს შემთხვევაში, როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური.
მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის", – ვკითხულობთ განცხადებაში.
18 იანვარს თემქაზე საპროტესტო აქციის 6 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. იმავე დღეს, ზანდუკელის ქუჩაზე რატი ტყელამაძე და ოთარ კვარაცხელია დააკავეს. დაკავებულებს პოლიცია მათი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას სავარაუდოდ, სახის დაფარვას ედავება.