
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ რეპრესიულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნული ცვლილებების მიზანი რუსთაველის გამზირზე ყოველდღიური პროევროპული პროტესტის შეზღუდვაა.
განცხადების მიხედვით, ამ ცვლილებით და მანამდე მიღებული სხვა შემზღუდველი კანონებით, ივანიშვილის ხელისუფლება ამყარებს "დაკანონებულ უსამართლობას", რითაც ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.
საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"2025 წლის 13 ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ” დააინიციირა ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ სანქციას ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირისადმი. თუ ასეთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩაიდენს, მას პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დაეკისრება.
საიას შეფასებით, ინიციირებული ცვლილებებით, “ქართული ოცნება” ავტორიტარულ კანონშემოქმედებას შეკრების თავისუფლების კრიმინალიზების ინიციატივით აგრძელებს.
აქციაში მონაწილეობის სისხლის სამართლებრივი კრიმინალიზაცია
მშვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად, ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. როდესაც ფასდება უფლებაში ჩარევა, დაკისრებული სასჯელების ბუნება და სიმკაცრე არსებითი ფაქტორია. სისხლის სამართლის ხასიათის სანქციები ფუნდამენტური უფლებების განხორციელებაზე მათი პოტენციური მსუსხავი ეფექტის გამო, განსაკუთრებულ დასაბუთებას საჭიროებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები არ უნდა ექვემდებარებოდეს სისხლის სამართლის სანქციების საფრთხეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სანქციები თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. შესაბამისად, ისეთი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც დემონსტრაციის დროს არაძალადობრივი ქცევისთვის იწვევს თავისუფლების აღკვეთას, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იქნას განხილული, რათა დაცული იყოს ასეთი ზომების გამოყენებით უფლებაში ჩარევის თანაზომიერების პრინციპი: ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგობა, აუცილებლობა და პროპორციულობა.
განმარტებითი ბარათის თანახმად, “[...] ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორც სახელმწიფოს რეაგირების ზომა, ცალკეულ შემთხვევებში ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს იმ პირთა მიმართ, რომლებიც სისტემატურად უგულებელყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დადგენილ ნორმებს. ხაზგასასმელია, რომ შეკრებისა ან მანიფესტაციის დროს ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა, ისევე როგორც ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა, თავისთავად სცილდება გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმურ ფარგლებს და ქმნის მნიშვნელოვან რისკებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. აღნიშნულ ქმედებათა განმეორებით ჩადენა კი საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რადგან შეუძლებელს ხდის სასწრაფო დახმარების,სახანძრო და სხვა საგანგებო სამსახურების ოპერატიულ რეაგირებას, რისთვისაც აუცილებელია დაწესდეს თანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომა.”
ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ, საკანონმდებლო ცვლილებების მოტივი, განმარტებითი ბარათის მიხედვით, არის ის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით ვერ ხდება რუსთაველზე მიმდინარე ყოველდღიური პროტესტის შეზღუდვა.
ბუნებრივია, ის, რაც იწვევს ადამიანების სიცოხლის ან ქონების დაზიანების საფრთხეს ან სხვა ისეთი სიკეთის შელახვას, რაც სისხლის სამართლებრივად დასჯადია, აქამდეც არსებობს სისხლის სამართლი კოდექსში, და, ინიციირებული ცვლილების მიზანი უბრალოდ ბლანკეტური აკრძალვის დაწესებაა, რაც, ასევე, შეკრების თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტის ქონას ისახავს მიზნად.
ინიციირებული ცვლილებები წარმოადგენს ქართული ოცნების მხრიდან ძალაუფლების გამოვლინებას, რომელიც აწესებს, რომ კონკრეტული ქმედება, ამ შემთხვევაში, პროტესტი, არის გასაკიცხი ქმედება, მეტიც, დანაშაული და, რომელიც ყოფს მოსახლეობას დემონსტრანტებად, ანუ, დამნაშავეებად და, ამ შემთხვევაში, ყველა სხვად.
კანონის დაჩქარებული წესით მიღების პრობლემა და სამართლებრივი ტექნიკა
მიმდინარე პროცესს ავტორიტარულ კანონშემოქმედებად აქცევს, არა მარტო, ის, თუ რა ფუნადამენტური უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვა ხდება, არამედ, თავად კანონშემოქმედების პროცესიც. შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ეს ცვლილებებიც დაჩქარებული წესით განიხილება. საქართველოს კანონმდებლობით, კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მათ დამტკიცებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. თუმცა იგი კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა. ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია. დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციების სიღრმისეული განხილვა, მასში საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მათი მხრიდან კანონების შინაარსზე ზეგავლენის შესაძლებლობა პირდაპირ აისახება მათ ლეგიტიმაციასა და ხარისხზე. კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება კი სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ეს პრობლემა გაცილებით დიდია იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ცვლილებები ფუნდამენტურად ზღუდავს ადამიანის ძირითად უფლებებს.
ქართული ოცნება ამ საკანონმდებლო ცვლილებით, ასევე ბოლო დროს მიღებული / შეცვლილი საკანონმდებლო აქტებით, ამყარებს „დაკანონებულ უსამართლობას”, რითაც ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან შეუთავსებელი ბუნება
1984 წლიდან დღემდე საქართველოში მოქმედებას განაგრძობს საბჭოთა პერიოდში მიღებული და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან შეუსაბამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. კოდექსში მოცემული პრინციპები არსებითად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. კოდექსი ცალკეული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ითვალისწინებს მძიმე სახდელებს, მათ შორის, ადმინისტრაციულ პატიმრობას, თუმცა, აწესებს გაცილებით ნაკლებ პროცედურულ გარანტიებს, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის მიმართ არსებობს. გარდა ამისა, არ ითვალისწინებს უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნებს, მოსამართლეს არ ავალდებულებს, იხელმძღვანელოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საქმის განხილვის და სანქციის გამოყენების შემჭიდროებული პროცედურები კი ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან წარმომადგენლობას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებული ფორმით მოქმედება ყოველდღიურად იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. ადმინისტრაციული სამართალდაღვევთა კოდექსი რეფორმაზე მუდმივად მოუწოდებდა საერთაშორისო ორგანიზაციები, ამაზე, ასევე, წლებია ადვოკატირებს ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციები, მათ შორის, საია.
უნდა ასევე აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევთა საქმეებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეები შეეხება მანიფესტაციების მონაწილეებს და იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის მუხლებს, რომელთა განმერებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ სანქციას, მუდმივად თავს იჩენს პრობლემები, რომლებიც ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ეს ხარვეზებია: დაჩქარებული მართლმსაჯულება და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა, დასაბუთებული გადაწყვეტილებების სტანდარტის დაცვა, სანქციების განსაზღვრის ხარვეზები და არათანმიმდევრული პრაქტიკა, მტკიცების ტვირთის არასათადო გადანაწილება, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და სხვა.
გამომდინარე კოდექსის პრობლემურობიდანაც, და კოდექსის მუხლებზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევიდანაც, მიუღებელია ამ კოდექსით სახდელდადებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი სანქციის გამოყენება. საია კვლავ განაგრძობს ავტორიტარული საკანონმდებლო პროცესის ანალიზს და დეტალურ შეფასებებს პერიოდულად გამოქვეყნებს."