
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ 17 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრება.
ამის შესახებ მან კიევში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითებში უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან გამართულ ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრი იულია სვირიდენკო, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი აშშ-ში უკვე გაემგზავრნენ.
"გუნდი უკვე გაემგზავრა – პრემიერმინისტრი იულია სვირიდენკო, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და ჩვენი დიპლომატიური სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი. გაიმართება რამდენიმე შეხვედრა. ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ იმ ნაბიჯების თანმიმდევრობა, რომელთა შეთავაზებასაც ვაპირებ", - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის მთავარი თემები იქნება საჰაერო თავდაცვა და უკრაინის შესაძლებლობა, განახორციელოს შორ მანძილზე დარტყმები, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე.
მან დაამატა, რომ შეხვედრა გააგრძელებს იმ განხილვებს, რომლებიც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის 11 და 12 ოქტომბერს, სატელეფონო საუბრების დროს შედგა.
ცნობისთვის, ზელენსკიმ და ტრამპმა ამ საუბრებში განიხილეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე საჰაერო თავდაცვის საკითხები და უკრაინის მიერ შორ მანძილზე დარტყმების განორცილების შესაძლებლობები.