
"ოცნებას" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისხლის სამართლის კოდექსში მორიგი რეპრესიული ცვლილებები შეაქვს, რითაც საქართველოში კიდევ უფრო შეიზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება.
ცვლილებების მიხედვით, აქციაზე სახის დაფარვა, "მომწამვლელი ნივთიერების" ქონა, გზის გადაკეტვა, ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა 15 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს.
"რიგი ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისხლის სამართლის კოდექსებში. კერძოდ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადიმინსტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით", - განაცხადა ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, ისეთ აქციაში მონაწილეობა, რომლის შეწყვეტასაც შსს ითხოვს, ან აქციაზე იარაღის, პიროტექნიკის, ან სხვისი ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის საზიანო საგნის ქონა 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობას გამოიწვევს.
"იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატრიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას, ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მცემას 1 წლამდე ვადით. ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება 2 წლამდე ვადით", - აცხადებენ "ოცნებაში"
"ოცნების" წარმომადგენელმა ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ 1 წლამდე ვადით თავისუფლება აღეკვეთება იმ ადამიანს, რომელიც "სამართალდამაცვი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას" ან არ დაემორჩილება მის "კანონიერ" მოთხოვნას.
"ასევე სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში, 2 წლამდე ვადით. ამასთანავე არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი", - განაცხადა კირცხალიამ.