უცნობმა პირებმა მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის ორი მონაწილე გაიტაცეს

უცნობმა პირებმა მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის ორი მონაწილე გაიტაცეს

უცნობმა პირებმა მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის ორი მონაწილე გაიტაცეს.

თვითმხილველების ცნობით, სავარაუდო გამტაცებლები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი.

ჯგუფ დაიტოვეში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გატაცებული რატი ტყემალაძისა და ოთარ კვარაცხელიას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ირკვევა, რომ შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაც იმყოფებოდა, თუმცა გომელაურის უწყების თანამშრომლებმა მხოლოდ ოქმი შეადგინეს.

ამასთან, ჯგუფ "დაიტოვეში" აქვეყნებენ იმ მანქანების ნომრებს, რომლითან ახალგაზრდები გაიტაცეს: QQ734KQ, GM032MM, M040717.

"რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით მე და ჩემი მეგობრები, რა დროსაც ერთი ნიღბიანი და რამდენიმე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი შევამჩნიეთ, რომლებმაც 2 ადამიანი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. ვიდეოს გადაღება დავიწყეთ, ვეკითხებოდი სად მიჰყავდათ და მომაძახეს თქვენც ხომ არ გინდათ წამოსვლაო. საბოლოოდ გამწიეს და წავიდნენ. პოლიციასთან თავად მივედი და ოქმი დავწერე. ადგილზე კრიმინალური პოლიცია არ მოსულა", - გვიყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.

შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ საკითხს "არკვევენ".