ომბუდსმენი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე: უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება

ომბუდსმენი ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე: უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება

ომბუდსმენი ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, ასევე, შეიმუშაონ ეფექტიანი მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.

"ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. ხოლო ბავშვთა სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვა უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას დაღუპულთა ოჯახების წინაშე და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს:

  • უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;
  • შეიმუშაონ ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით," - წერია განცხადებაში.

15 თებერვალს, ე.წ. ოცნების ქალაქში ტრაგედია მოხდა – 5 და 4 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უბედური შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სულ რამდენიმე დღის წინ თვითაღიარებულმა პრემიერმა ახალი მშენებლობა დააანონსა. ამჟამად იქ სამშენებლო ტექნიკა და ტრაქტორებია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.