ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ე.წ პროკურატურის თანახმად, გამოძიება მკვლელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-გადატანის მუხლებით არის აღძრული.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიას უთხრა, რომ კონფლიქტის ყველა მონაწილე აფხაზეთის მოქალაქეა. მანვე დასძინა, რომ ინციდენტის მონაწილეებს ამ დრომდე ეძებენ.
გუშინ, 23 ივნისს, დაღესტანში განვითარებული მოვლენების პარალელურად სროლა იყო რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, მდინარე ფსოუს საგუშაგოსთან. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.