
აშშ-ის ჰელსინკის კომისია 10 სექტემბერს გამართავს მოსმენას თემაზე - „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტი-ამერიკული შემობრუნება“. შეხვედრა ვაშინგტონში, „რეიბერნის“ საკონგრესო ოფისის შენობაში გაიმართება და პირდაპირ ეთერში იქნება ხელმისაწვდომი.
კომისიის ცნობით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაში აბრუნებს, ამყარებს ურთიერთობებს ჩინეთთან და სხვა აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან, რაც საფრთხეს უქმნის ამერიკის ინტერესებს რეგიონში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაასუსტა საქართველოს ინსტიტუტები, შელახა ქვეყნის სუვერენიტეტი, ხელი შეუწყო ჩინურ ინვესტიციებს და პარალელურად ამერიკულ კომპანიებს ბლოკავს „შუა დერეფნის“ მარშრუტში ჩართვაში.
კომისიის განცხადებით, საქართველოში იდევნება ოპოზიციის და ძალა გამოიყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. მოსმენის ფარგლებში განიხილება საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სვლის გლობალური შედეგები და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკა, მათ შორის ორპარტიული MEGOBARI აქტის ინიციატივა.
მოსმენაზე მიწვეულები არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი და „ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარი ლუკ კოფი.
თარგმანი (პრესრელიზის სრული ტექსტი):
საქართველო ოდესღაც იყო აშშ-ის ძირითადი პარტნიორი და თავისუფლების შუქურა კავკასიაში. დღეს კი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაში აბრუნებს და ამყარებს ურთიერთობებს ჩინეთთან და სხვა ამერიკის მოწინააღმდეგეებთან.
ბოლო წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაასუსტა საქართველოს ინსტიტუტები და კიდევ უფრო შეასუსტა ქვეყნის სუვერენიტეტი. მათ ხელი შეუწყვეს ჩინურ ინვესტიციებს, ხოლო ამერიკულ კომპანიებს ხელი შეუშალეს „შუა დერეფნის“ სავაჭრო მარშრუტით სარგებლობაში და ცენტრალური აზიის იშვიათი მინერალების მიღებაში. ისინი აპატიმრებენ ოპოზიციას, იყენებენ ძალას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და უარს ამბობენ ძალაუფლების დათმობაზე ფართოდ უკანონოდ აღიარებული არჩევნების შემდეგ. ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში.
მოსმენა შეისწავლის საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სვლის გლობალურ შედეგებს. მოწვეული მომხსენებლები განიხილავენ აშშ-ის შესაძლო პოლიტიკურ ნაბიჯებს, მათ შორის ორპარტიულ MEGOBARI აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და დიდი ხნის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის გაგრძელებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
მოწვეული მომხსენებლები:
• სალომე ზურაბიშვილი — საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
• თინათინ ხიდაშელი — საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
• ლუკ კოფი — უფროსი მკვლევარი, „ჰადსონის ინსტიტუტი“