
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 3 სექტემბერს პარიზში გამართავს შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. შეხვედრა გაიმართება „მსურველთა კოალიციის“ სხდომის წინ, რომელიც 4 სექტემბერს პარიზში ჩატარდება.
ელისეს სასახლეში აცხადებენ, რომ მიზანი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მიღწეული ტექნიკური შეთანხმებების დაფიქსირება და რუსეთის მიმართ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაა. როგორც ფრანგი წარმომადგენელი აღნიშნავს, პარტნიორი ქვეყნები მზად არიან უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ოფიციალურად შესთავაზონ.
„დღეს ჩვენ მზად ვართ გადავცეთ ეს გარანტიები და განვუმტკიცოთ მხარდაჭერა უკრაინას. საბოლოო მიზანია – ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა,“ – განაცხადა ოფიციალურმა წყარომ.
„მსურველთა კოალიციის“ სხდომა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, მაკრონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის თავმჯდომარეობით. მოსალოდნელია, რომ ზელენსკი პირადად შეუერთდება მოლაპარაკებებს.
ამასთან, ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კოალიციის წევრებს მოუწოდა, დაიწყონ კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა უკრაინაში შესაძლო მშვიდობისმყოფელი მისიების გაგზავნის მიმართულებით.