
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წულუკიანის კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიღებულ დასკვნას „ანტი-ქართულ პროპაგანდად“ აფასებს. პარტიის თქმით, კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი ეფუძნება რუსეთის ნარატივებს, რაც, მათივე შეფასებით, მოსკოვის ინტერესებს ემსახურება და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენებას ისახავს მიზნად.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ივანიშვილის „რუსული რეჟიმი“ ქვეყნის სუვერენულ ნებას აკნინებს და საქართველოს დასავლეთისგან იზოლირებას უწყობს ხელს. პარტია ამბობს, რომ რუსეთი საბოლოო ჯამში საქართველოს დესუვერენიზაციასა და ტერიტორიულ დანაწევრებას ცდილობს.
„ენმ“ აცხადებს, რომ სწორედ მათი პოლიტიკური ძალა დაუპირისპირდება ქართულ საზოგადოებასთან ერთად ამ გეგმას და ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხის სურვილი - ქვეყანა გახდეს დამოუკიდებელი და ევროპულ-ატლანტიკური სტრუქტურების ნაწილი - აუცილებლად შესრულდება.
"წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს, რომ 2008 წელს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრასთან დაკავშირებით ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოების საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ დააყენოს. რუსეთის საბოლოო მიზანი საქართველოს სრული დესუვერენიზაცია და ტერიტორიული დანაწევრებაა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წინ აღუდგება რუსეთისა და საქართველოში მისი მარიონეტული რეჟიმის ამ გეგმას.
2004-2012 წლების საქართველო, მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობით, არის გარღვევა რუსული ორბიტიდან დემოკრატიული ევროპისაკენ. ქართული ოცნება არის რუსული შურისძიება ქართველი ხალხის მიერ 2003 წლის ნოემბერში გამოვლენილ ნებაზე, იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი.
ქართველი ხალხის ეს ნება შესრულდება აუცილებლად! ძალა ერთობაშია!" - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.