
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მასწავლებელმა და აქტივისტმა ნინო დათაშვილმა 20 ივნისს, დაკავების შემდეგ პოლიციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობაზე ისაუბრა.
ნინო დათაშვილის თქმით, დაკავების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში მას არ აძლევდნენ შვილთან და ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობას, ასევე, ექცეოდნენ ცინიკურად და ღირსების შემლახავად.
პუბლიკას თანახმად, ეს განცხადება ნინო დათაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა:
"გაჩერებაზე დამხვდნენ, არ გამაცნეს ჩემი უფლებები, ტელეფონი წამგლიჯეს, არ ეცვათ ფორმა, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, ვერ მივხვდი, რომ პოლიცია იყო. უფლებები არ გამაცნეს. ტელეფონი მჭირდებოდა, რომ შვილს დავკავშირებოდი. ვნერვიულობდი ბავშვზე და ვთხოვდი ტელეფონს. მოტყუებით ჩამსვეს მანქანაში, დაგარეკინებთო.
მიღებდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული გოგო ტელეფონით. საერთოდ ვერ მივხვდი, პოლიციელი რომ იყო, მეგონა, მეზობელია და აფიქსირებს ფაქტს, რომ მერე გაირკვეს, რაც ხდება. აღმოჩნდა პოლიციელის თანამშრომელი. რა თქმა უნდა, სახელი და გვარი არავინ მითხრა, სანამ ძალიან არ ვთხოვე.
კანონში წერია, რომ პირს აქვს უფლება, ადვოკატს დაუკავშირდეს დაუყოვნებლივ. როცა გადამიყვანეს პოლიციის სამმართველოში, მაშინვე ვუთხარი, რომ გეთანამშრომლები, ჩემი ინტერესია, ძალადობის მსხვერპლი ვარ, მე დავრეკე საპატრულოში ინციდენტის შემდეგ, მე ვითხოვდი დახმარებას, როგორც ძალადობის მსხვერპლი და დაზარალებული, ფიზიკური ზიანიც მომადგა, ღირსებაც შემელახა და პროფესიული რეპუტაციაც შემელახა, ლამის ტანსაცმელი შემომაძარცვეს და ყველანაირი უფლება შემილახეს.
10 ივნისს გავიგე, რომ თურმე საქმე აღძრულა. მინდოდა, პოლიციაში განცხადება დამეწერა ჩემი უფლებების დარღვევაზე, ვინაიდან რეაგირება არ ჰქონდათ დარეკილზე. მაგრამ დაველოდე, როდის დამირეკავდა პოლიცია, დამიბარებდა. ველოდებოდი.
11 დღის შემდეგ ამიყვანეს ტერორისტივით. არ ვიცი, ეს რა ფორმაა – მიღებული ფორმაა, ზოგადად ეგრე აჰყავთ ბრალდებული პირები? ჩხუბით, სამოქალაქო ფორმით, წაგლიჯოს ტელეფონი მოულოდნელად, არ გააცნონ თავისი უფლებები, არ მისცენ ადვოკატთან დარეკვის საშუალება.
პოლიციაში რომ გადამიყვანეს, იქაც ძალიან ვთხოვდი, რომ მოეცათ შვილთან ან ადვოკატთან დარეკვის უფლება, ჯერ ერთი ბავშვს რომ არ ენერვიულა – რომ მიკითხავდა, სახლში რომ მივიდოდა და ჯერ ერთი, სახლში ვერ შევიდოდა, იმიტომ, რომ ჩემი უფლებების დაცვა მინდოდა, მაქვს ადვოკატის ყოლის უფლება.
გამაშიშვლეს. მე მინდოდა, ჯერ ადვოკატი მოსულიყო და გავცნობოდი რაღაცებს და მერე მომეწერა რაღაცებზე ხელი.
რა სტრესში მამყოფეს, ცინიკური დამოკიდებულება, გზაში არაადამიანურად იქცეოდნენ, რატომ მექცეოდნენ ასე, რას ვაკეთებდი. უბრალოდ ვთხოვდი, რომ შვილთან ან ადვოკატთან დარეკვის უფლება მოეცათ. ერთ-ერთთან.
ჩემი შვილის ნომერს მე თვითონ ვეუბნებოდი, მაგრამ არაო, იტყუები, არასრულწლოვანი იქნებაო. 18 წლის არის ამ დროს. სახელი და გვარი როცა ვუთხარი, დაიწყეს ძებნა და ვიღაც ნახეს 24 წლის და აგდებული დამოკიდებულება იყო, რომ იქნებ ეს არის ამისი შვილიო.
ესააო. ვუთხარი, არა, ჩემი შვილი 18 წლისაა-მეთქი და მეორე შვილიც ხომ არ ჰყავს და ურთიერთობა არ აქვსო. ორი შვილი მყავს და ორივეს ერთი და იგივე სახელი და გვარი აქვს?
შემდეგ უკვე მითხრეს, რომ იზოლატორში მივყავდით. როცა შენობიდან ჩამიყვანეს, დაიწყეს ვიდეოგადაღება. ვიცი, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ეს არ იკმარეს. შენობის გარეთ გამიყვანეს და ვფიქრობ, რომ უნდა ჩამსვან მანქანაში გადასაყვანად. მაგრამ კადრი არ მოეწონათ. ასე გაიარე, ისე გამოიარე. ისევ პოლიციის განყოფილებაში შემიყვანეს. ასე გამოიხედე, ისე გამოიხედე.
შოუს დგამდნენ ჩემი მონაწილეობით. მექცეოდნენ, როგორც ნივთს და არა როგორ ადამიანს. შემელახა ღირსება. ადამიანურად ეს იყო ძალიან მძიმე.
ვუთხარი, ამ აბსურდში მონაწილეობას ვერ მივიღებ-მეთქი. არ მინდა, აქეთ-იქით მატაროთ. არაო, ეს კი არ გამოქვეყნდება, არქივში შეინახებაო. არ მაინტერესებს, მე არ მინდა ამ აბსურდში მონაწილეობა, ჩემს პრინციპებს, ღირებულებებს, ჩემს ადამიანურ ეთიკას ეწინააღმდეგება-მეთქი. 2 ადამიანი მელაპარაკებოდა: გამომძიებელი და ოპერატორი მელაპარაკებოდნენ.
გავხდი ცუდად, თავბრუსხვევა ვიგრძენი, გული ამიჩქარდა, დაჯდომა ვითხოვე. მაგრამ „კარგი კადრები“ უნდოდათ. ეს ჩემთვის უთანაბრდება არაადამიანურ მოპყრობას. ამას აღვიქვამ, როგორც არაადამიანურ, დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.
წინასწარ პატიმრობაში ვარ იმის გამო, რომ პროკურატურა ამბობდა, რომ გავანადგურებდი მტკიცებულებებს, მოვახდენდი ზეწოლას და გავიქცეოდი', - თქვა ნინო დათაშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში საპირფარეშოში გასვლის შესაძლებლობაც არ მისცეს.
"სამი საათის განმავლობაში სასამართლოში ვიყავი, პოლიციის განყოფილებაში ვიყავი ასევე სადღაც საათ-ნახევარი, მერე ზემოთ სართულზე საათ-ნახევარი და მეუბნებიან, რომ ამ ხნის მანძილზე ტუალეტში ვერ შეგიყვანთ", - თქვა მან.
***
ნინო დათაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნინო დათაშვილი მანდატურს ძალის გამოყენებით გაყავს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.
ნინო დათაშვილს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
ის 20 ივნისს დააკავეს.