ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ 24 ივლისს, აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ჰამასის წინააღმდეგ ომის შესახებ სიმართლეს წარადგენს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და სენატის უმცირესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, ნეთანიაჰუ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სესიაზე ისაუბრებს.
"აღფრთოვანებული ვარ, რომ მაქვს პრივილეგია წარმოვადგინო ისრაელი კონგრესის ორივე პალატის წინაშე და ამერიკელ ხალხსა და მთელი მსოფლიოს წარმომადგენლებს წარვუდგინო სიმართლე ჩვენი სამართლიანი ომის შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობს", - წერს ნეთანიაჰუ განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აშშ-ში ვიზიტის დროს.
31 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი, სამეტაპიანი წინადადება წარადგინა. ბაიდენის თქმით, დროა "ეს ომი დასრულდეს". ამან ჰამასში დადებითი რეაქცია გამოიწვია.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთის, თურქეთისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სატელეფონო საუბარი გამართა და მათთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი გეგმა განიხილა.
თუმცა, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის მუდმივად შეწყვეტის შეთანხმება იქამდე ვერ შედგება, სანამ ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობები სრულად არ განადგურდება.