ნავალნის დედა ამბობს, რომ შვილის ცხედარი აჩვენეს

ნავალნის დედა ამბობს, რომ შვილის ცხედარი აჩვენეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედა ამბობს, რომ შვილის ცხედარი აჩვენეს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ლუდმილა ნავალნაიამ ასევე იტყობინება, რომ გამოძიება ითხოვს პოლიტიკოსის ფარულად დაკრძალვას და იმუქრებიან, რომ უარის შემთხვევაში, ცხედარს "რაღაცას გაუკეთებენ".

როგორც მიმართვაში ლუდმილა ნავალნაია აღნიშნავს, ქალაქ სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტში თითქმის ერთი დღის განმავლობაში მარტო იყო და ადვოკატი მხოლოდ დღეს შეუშვეს.

"გუშინ საღამოს მალულად წამიყვანეს მორგში, სადაც ალექსეი მაჩვენეს. გამომძიებლები ამბობენ, რომ სიკვდილის მიზეზი იციან. ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი, რაც ვნახე, მზად აქვთ და გარდაცვალების სამედიცინო მოწმობას მოვაწერე ხელი. კანონის მიხედვით, მაშინვე უნდა გადმოეცათ ალექსეის ცხედარი, მაგრამ აქამდე ეს არ გაუკეთებიათ. ამის ნაცვლად მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ - სად და როდის უნდა დაიკრძალოს ალექსეი. ეს უკანონოა.

ჩემი თანდასწრებით ისინი იღებენ ბრძანებებს კრემლიდან ან საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური აპარატიდან. მათ უნდათ, რომ ეს ფარულად გაკეთდეს, დამშვიდობების გარეშე. სასაფლაოზე ჩემი მიყვანა უნდათ და თქმა: "აქ ასვენია თქვენი შვილი". ამაზე თანახმა არ ვარ. მსურს, რომ თქვენ, ვისთვისაც ალექსეი ძვირფასია, ვისთვისაც მისი სიკვდილი პირად ტრაგედიად იქცა, მასთან გამომშვიდობების საშუალება გქონდეთ.

ამ ვიდეორგოლს ვწერ, რადგან ჩემს მიმართ მუქარა დაიწყეს: თვალებში მიყურებდნენ, ამბობდნენ, რომ თუ ფარულ დაკრძალვას არ დავთანხმდებოდი, ჩემი შვილის ცხედარს რაღაცას გაუკეთებენ. გამომძიებელმა ვირიპაევმა ღიად მითხრა: "დრო თქვენზე არ მუშაობს. ცხედარი იხრწნება". განსაკუთრებული პირობები არ მინდა, უბრალოდ მსურს, რომ ყველაფერი კანონიერად გაკეთდეს. მოვითხოვ, ჩემი შვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადმომცენ", - ამბობს ნავალნის დედა.

***

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ნავალნი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მათივე მტკიცებით, ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის დამატებით 19 წელი მიუსაჯეს.

თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა. ეტაპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ის უკვე ახალ კოლონიაშია.

N3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ნავალნი იყო მოთავსებული, სასჯელს იხდიდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი. აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.