"ნამდვილად თრომბით დაიღუპა" - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი ნავალნის სიკვდილის მიზეზზე

"ნამდვილად თრომბით დაიღუპა" - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი ნავალნის სიკვდილის მიზეზზე

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. მან ამ ინფორმაციას "მეტ-ნაკლებად დადასტურებული" უწოდა. ადრე ეს მიზეზი, ასევე წყაროების დაზუსტების გარეშე, რუსულმა სახელმწიფო არხმა RT-მ ახსენა.

ბუდანოვმა კიევში გამართულ ფორუმზე "უკრაინა. 2024 წელი" უკრაინელი ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. მას ჰკითხეს, ცნობილია თუ არა სამხედრო დაზვერვისთვის "როგორ მოკლეს ნავალნი".

"შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ის ნამდვილად თრომბით დაიღუპა. და ეს მეტ-ნაკლებად დადასტურებულია. ეს ინტერნეტიდან არაა აღებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ბუნებრივი [სიკვდილია]", - თქვა ბუდანოვმა.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი მარია პევჩიხ ბუდანოვის განცხადებას ერთი სიტყვით გამოეხმაურა: "ტყუის".

***

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა, ნავალნი 47 წლის იყო. რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბია.

მოგვიანებით, ნავალნის დედას შვილის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კოლონიის წარმომადგენლებმა "უეცარი სიკვდილის სინდრომი" დაუსახელეს.

ოპოზიციონერის ცხედარი ოჯახს 9 დღის განმავლობაში არ გადასცეს. როგორც ნავალნის დედა ყვებოდა, გამომძიებლები მას აშანტაჟებდნენ, შვილის საიდუმლო დაკრძალვას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ციხის ტერიტორიაზე დაკრძალვით იმუქრებოდნენ. 24 თებერვალს საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს.

გასული წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეტაპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

N3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი. აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.