
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 14 აპრილის 13:00 საათზე ჩაინიშნა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა.
დღევანდელ სხდომაზე 3 გამომძიებელი გამოიკითხა: ლევან გოგმაჩაძე, გურამ დიასამიძე და გიორგი ბჟალავა.
სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტები, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები და სკანდირებდნენ - "თავისუფლება მზიას!".
წინა სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე. მან ირაკლი დგებუაძის მოადგილესთან ერთად 12 იანვარს პირადად დააკავა მზია ამაღლობელი. ასევე, გამოიკითხა პოლიციელი თამარ კერესელიძე, რომელმაც მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი შეადგინა.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – "იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე". მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს - ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.