საქართველოს მთავრობა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩებს, ასევე NATO-სთან საქართველოს წარმომადგენენელს, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენელს დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებს.
შესაბამის განკარგულებას, რომელიც 26 აგვისტოთი თარიღდება, კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. განკარგულებით მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, აღნიშნული პირები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გათავისუფლების მიზეზი როტაციის ვადის ამოწურვაა.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავაა, რომელსაც უფლებამოსილება 2024 წლის 15 ოქტომბრიდან უწყდება.
შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძეა, რომელსაც განკარგულების თანახმად, უფლებამოსილება მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უწყდება.
რაც შეეხება NATO-სთან საქართველოს წარმომადგენელს, ვიქტორ დოლიძეს, მთავრობამ პრეზიდენტს მიმართა წინადადებით, დოლიძე გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან 2024 წლის 21 სექტემბრიდან.
ჟენევასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძეა, რომელსაც უფლებამოსილება მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უწყდება.
20 აგვისტოს გამოიცა განკარგულება, რომლის თანამადაც, საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარიძეს, თანამდებობიდან ათავისუფლებს.