მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა გიორგი ახობაძე მტკიცებულებათა არარსებობის გამო უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

წინა სხდომაზე გიორგი ახობაძემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა. მისი და დაცვის მხარის პოზიციით, ექიმს ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებულებები ფაბრიკაციას ეფუძნება:

"ნარკოტესტი არ ჩამიტარეს, რადგან იცოდნენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ ვიყავი… ნივთს რომ ხელი მოკიდო, მასზე დნმ კვალი უნდა დარჩეს – კვალი გაყალბებულია“, — განაცხადა ბრალდებულმა.

გიორგი ახობაძის ადვოკატი აცხადებდა, რომ მის მიმართ განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში არ არსებობს ვიდეომტკიცებულება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გიორგი ახობაძის საქმეს 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განიხილავდა, თუმცა საქმის განხილვის დასასრულს, მოსამართლე შეიცვალა და რომეო ტყეშელაშვილი გახდა.

2024 წლის 7 დეკემბერს გიორგი ახობაძე საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ის პოლიციამ დააკავა.

გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.