საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების და ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებების გაუარესების გამო საზოგადოების მზარდი უკმაყოფილებს ფონზე ჩატარდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მისიამ არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირა და ოთხი ძირითადი გამოწვევა გამოყო. ესენია: არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება, საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება და არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა.
IRI-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსის ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ამომრჩევლის დაშინება და ოპოზიციისთვის დაბრკოლებების შექმნა იყო ფაქტორები რომლებმაც განაპირობა ფუნდამენტურად ნაკლოვანი არჩევნები.
ანგარიშის შემაჯამებელი ანალიზი სრულად:
"2024 წლის ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები რეგიონული არასტაბილურობისა და შიდა პოლიტიკური ისტორიული დაძაბულობის პირობებში გაიმართა.
ეს არჩევნები ჩატარდა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების და ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებების გაუარესების გამო საზოგადოების მზარდი უკმაყოფილებს ფონზე. არჩევნები იყო შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის გამოეყენებინათ დემოკრატიული უფლებები და აერჩიათ ლიდერები, რომლებიც იზიარებენ საქართველოს მომავლის მსგავს ხედვას. თუმცა, სამართლებრივი ჩარჩო და პროცესის მარეგულირებელი ნორმები (რომელიც ხელს უშლიდა ჯანსაღ საარჩევნო კონკურენციას), მმართველი ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენება, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, ოპოზიციური პარტიებისთვის დაბრკოლებების შექმნა, ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის ნაკლებობა, იყო ის ფაქტორები, რომლებმაც განაპირობა ფუნდამენტურად ნაკლოვანი არჩევნები.
არჩევნებამდე, საკანონმდებლო ჩარჩოს შესაცვლელად, ხელისუფლებამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, 2024 წლის ივნისის დასაწყისში მიღებული საკამათო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი," რომელიც ასევე ცნობილია როგორც "უცხოელი აგენტების კანონი." კანონის მიღებამ და შემდეგ მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნამ, იქონია მნიშვნელოვანი გავლენა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რამაც გააჩინა დემოკრატიული უკუსვლის რისკები და გამოიწვია მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტები. მთლიანობაში, მისიამ არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირა და გამოყო ოთხი ძირითადი გამოწვევა:
არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება;
სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება;
საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება;
არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა.
1. არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება:
პარტიების შემოწირულობების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხების შემოწმების ფუნქციების გადატანამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან (SAO) ანტიკორუფციულ ბიუროზე (ACB), რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავდა, შექმნა არასანდო გარემო, რომ ACB შეიძლება გამოყენებულიყო ოპოზიციური გაერთიანებების წინააღმდეგ. საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ (LPU) ცვლილებებმა, რომლებიც პარტიებს უკრძალავდა იურიდიული პირებისგან შემოწირულობების მიღებასა და წინასაარჩევნო ბლოკების ფორმირებას, კანდიდატებს აიძულებდა საკუთარი პარტიების დატოვებას, ერთიან სიაში გაერთიანების შემთხვევაში. საჯარო დაფინანსების მისაღებად საჭირო ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გათვალისწინებით, ეს ცვლილებები მცირე პარტიებისთვის ასუსტებდა გაერთიანებისა და მანდატების ბრძოლის მოტივაციას. მედიის რეგულაციების ისეთი განმარტებები, რომლებიც პარტიებს უფასო ეთერის მიწოდებას და უფასო ეთერის განაწილების ფორმულას უზღუდავდა, ოპოზიციურ პარტიებს უმცირებდა ამომრჩევლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. "ქართული ოცნება," რომელიც მნიშვნელოვანი ფინანსური უპირატესობით სარგებლობდა, გავლენას ახდენდა რამდენიმე მედიასაშუალებაზე, რათა დაეკავებინა გაბატონებული მდგომარეობა პოლიტიკურ ნარატივში. მმართველი პარტია ასევე იყენებდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებს საპარლამენტო კანდიდატების პოპულარიზაციისთვის. ამასთან, სახელმწიფო რესურსები გამოიყენებოდა საჯარო მოხელეებისა და სოციალურ-ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფების მობილიზებისთვის საკუთარ პარტიულ აქციებზე დასასწრებად, რითაც მომეტებული ზეწოლა ხორციელდებოდა საჯარო მოხელეებზე, რომ ჩართულიყვნენ პარტიულ აქტივობებში. გარდა ამისა, გავრცელებული ცნობებით, "ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია მოქალაქეების მონაცემების შესაგროვებლად, სავარაუდოდ, სახელმწიფო რესურსების გამოყენებით, რაც არღვევდა ამომრჩეველთა კონფიდენციალურობას. ამგვარი სამთავრობო ქმედებები ქმნიდა არათანაბარ პირობებს და არღვევდა არჩევნების სამართლიანობას.
2. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება:
წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანი იყო, თუმცა დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური პოლიტიკური დაშინება და იძულება, განსაკუთრებით სოფლის და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ინსტიტუციური დაცვის არაეფექტიანობამ საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების შესაძლებლობას გამოეყენებინა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. დაშინების ტაქტიკა, როგორიცაა ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების იძულებითი მოპოვება, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე სერიოზული ტექნიკური პრობლემების გარეშე ჩატარდა, საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების არსებობა და სპეციალური კალმების გამოყენება, რაც ბიულეტენების ფარულობას არღვევდა, აღვივებდა შიშს ამომრჩევლებში. ამ ფაქტორებმა შეარყია ნდობა საარჩევნო პროცესის და ფუნდამენტური პოლიტიკური უფლებების დაცვის მიმართ.
3.საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება:
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) განხორციელებულმა ცვლილებებმა, საზოგადოებაში ეჭქვეშ დააყენა ამ სტრუქტურის დამოუკიდებლობა. როგორიც იყო მაგალითად ოპოზიციის მიერ ნომინირებული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან მოხსნა და შიდა კენჭისყრის ბარიერების შემცირება, რამაც გაზარდა ცესკოს მიკერძოების ეჭვი. გარდა ამისა, ცესკოს სადავო დადგენილებამ, რომელიც საარჩევნო უბნის წევრების დანიშვნას ერთი კვირით ადრე ითვალისწინებდა და რომელსაც სასამართლომ მხარი დაუჭირა, მწვავე კრიტიკა გამოიწვია, რადგან ეს გადაწყვეტილება მმართველ პარტიას აძლევდა პროცესებზე ზეგავლენის შესაძლებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ხმების ელექტრონულად და მექანიკურად დათვლა მოლოდინების შესაბამისად წარიმართა, ხმის მიცემის პროცესის ხარვეზებზე რეაგირება არ მომხდარა. საგამოძიებო ორგანოების არასაკმარისი რეაგირება, მიკერძოებული მართლმსაჯულება და საარჩევნო დავების გადაწყვეტის არასაკმარისი მექანიზმებმა კიდევ უფრო შეამცირა პროცესისადმი ნდობა და წვლილი შეიტანა საარჩევნო შედეგების უარყოფაში.
4. არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა:
წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით, რამაც დააკნინა პროცესის სანდოობა. დაკვირვებით გამოვლინდა ამომრჩეველთა იძულებისა და შედეგებზე მანიპულირების რთული ტაქტიკის მთელი სპექტრი. მათ შორის იყო მზაკვრული დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ამომრჩეველთა მონაცემების მოპოვებას, მათზე ზეწოლას, თვალთვალსა და ხმის ფარულობის დარღვევას ისახავდა მიზნად. ამ ყველაფერს ემატებოდა არჩევნების დღეს განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რომლებიც მოიცავდა ამომრჩევლებზე თვალთვალის კოორდინირებულ მცდელობებს, იძულებას, ხმების ყიდვას, ე.წ. „კარუსელს,“ ბიულეტენის ფარულობის დარღვევას, მარკირების პროცედურაში ჩარევასა და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის დაბრკოლებების შექმნას. საარჩევნო დავების მოგვარების არაეფექტიანმა მექანიზმებმა კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა, რაც არჩევნების შემდეგ გრძელვადიან არასტაბილურობაში გადაიზარდა. დემოკრატიული პრინციპი, რომ საზოგადოებამ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიის სტაბილურობისა და ლეგიტიმაციისთვის, მაგრამ ამისათვის საჭიროა ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა. ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე"- ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის კლება, რაც ძალაუფლების ერთი პარტიის მიერ მიტაცების რისკს ქმნის და დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებს უკარგავს თანაბარ პირობებში შეჯიბრების შესაძლებლობას.
"IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა. მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაუდებლად აუცილებელია თანმიმდევრული და სრულყოფილი საარჩევნო რეფორმები, რათა აღმოიფხვრას საარჩევნო პროცესის სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ჩარჩოების სისუსტეები.
IRI-ის მისია გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების ინტერესსა და ენთუზიაზმს საქართველოში სანდო, ინკლუზიური და გამჭვირვალე არჩევნების მიმართ. მისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელიც წარმოიშვა არჩევნების შედეგად.
გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს საარჩევნო ადმინისტრაციის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას; ხელს შეუწყობს მედიის თავისუფლებას, უფრო ინკლუზიური და ღია პოლიტიკური გარემოს შექმნას. ამ გამოწვევების გადაჭრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული პროგრესის, ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის და საბოლოოდ, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები იყოს ხალხის ნების ნამდვილი გამოხატულება.
ამ თვალსაზრისით, IRI-ის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია წარმოგიდგენთ ანგარიშს 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ანგარიში არის საარჩევნო პროცესის მიუკერძოებელი და ობიექტურ შეფასება; იგი ასევე ითვალისწინებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს ადმინისტრაციული, სამართლებრივი გარემოს და მარეგულირებელი ნორმების გაუმჯობესებისთვის; ასახავს იმ სუბიექტების საქმიანობას, რომლებიც შესაძლოა, ცდილობდნენ საარჩევნო პროცესებში ჩარევას, ან იმ სანდო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციას, რომლებიც მნიშვნელოვან ზედამხედველობას ახორციელებენ ამ პროცესებზე"- ნათქვამია ანგარიშში.