მოძრაობა ქართული კინო საფრთხეშია ე.წ. გადატრიალების საქმეს ეხმაურება. მათი თქმით, მისი მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობა და საზოგადოების დაშინებაა. გავრცელებულ განცხადებაში მოძრაობა აღნიშნავს, რომ კინოპროდიუსერი თიკო ნადირაშვილი, მსახიობი თინა ლაღიძე და კინომცოდნე ნინო შველიძე ტრენინგებზე დასწრების გამო სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს.
"უწყების ვერსიით, თითქოს ჩვენს 20-მდე კოლეგას - რეჟისორებს, მსახიობებს, ფოტოგრაფებს, მწერლებს - საგანმანათლებლო კურსზე "ქვეყნის ჩამოშლა" ასწავლეს. სუს-ში ყოველდღიურად იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია მსოფლიოს აცნობენ ჩვენს თანამედროვე კულტურას. პატივცემულო ხელისუფლებავ, ამ უნიჭო სცენარს დღევანდელი კინოცენტრის კომისიაც კი დაიწუნებდა. ხელოვანები ვიბრძვით, რომ გადავარჩინოთ ის, რაც ჩამოშლის პირასაა - დაწყებული ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობით, თანამედროვე ხელოვნებით დასრულებული", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, კულტურის მინისტრი საბოტაჟს უწყობს ეროვნულ კულტურას. ამბობენ, რომ მოძრაობის წევრების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურების ჩართვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კულტურის სფეროში დაწყებული რეპრესიული პოლიტიკა მხოლოდ ხელოვანებს არ ეხებათ.
"რუსული მეთოდები ამ ქვეყანაში არ მუშაობს და ვერ იმუშავებს. სოლიდარობა ჩვენს ღირსეულ კოლეგებს. ბოიკოტი კონფორმიზმს", - წერს მოძრაობა.
სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყებამ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.
"გადატრიალების" შესახებ პროპაგანდისტულ და დაუსაბუთებელ საქმეზე მორიგ განცხადებაში სუს-მა USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა.
უწყების თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.