ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის მიერ Georgian Airways-ის დამფუძნებელის თამაზ გაიაშვილისა და მისი ავიაკომპანიის დასანქცირებას "ცალსახად მიუღებელს" უწოდებს.
დავითაშვილის მტკიცებით, გაიაშვილის სანქცირება "პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილებაა". ეკონომიკის მინისტრი ფიქრობს, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში "ოპოზიციონერების ხელიც ურევია".
"პირველ რიგში, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის, ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა. სამწუხაროა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების და ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ და ცალსახად მიუღებელია, ეს არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას გააჩნია. ამაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია, იმიტომ რომ ვიცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, საფუძველი ზუსტად ეს აქვს გადაწყვეტილებას, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, როდესაც ხდება ინფორმაციის არასწორად მიტანა და ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აზიანებს და არაფრით არ არგებს", - აცხადებს დავითაშვილი.
უკრაინამ ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. ახალი პაკეტი მოიცავს პერსონალურ სანქციებს Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგაც.
თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა, Georgian Airways იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა.
პირველ ივნისს უკრაინამ Georgian Airways და თამაზ გაიაშვილი დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. ამავე სიაში, ასევე, შეყვანილია პუტინისტი ვალერი კვარაცხელიას შვილის დავით კვარაცხელიას კომპანია, რომელიც რუსულ ავიაკომპანიას მომსახურებას უწევს.