უკრაინამ Georgian Airways-სა და თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა

უკრაინამ Georgian Airways-სა და თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა

უკრაინამ ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს მოაწერა.

ახალი პაკეტი მოიცავს პერსონალურ სანქციებს Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგაც. სანქციები 10 წლის ვადით იქნება ძალაში. ჯამში სანქციები ეხება 190 პირსა და 290 კომპანიას.

თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა, Georgian Airways იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა.

პირველ ივნისს უკრაინამ Georgian Airways და თამაზ გაიაშვილი დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. ამავე სიაში, ასევე, შეყვანილია პუტინისტი ვალერი კვარაცხელიას შვილის დავით კვარაცხელიას კომპანია, რომელიც რუსულ ავიაკომპანიას მომსახურებას უწევს.