ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უნგრეთის პრემიერმინისტრს ვიქტორ ორბანს საპასუხო წერილი მისწერა, სადაც აღნიშნა, რომ ორბანს არ აქვს ევროკავშირის მანდატი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებაზე. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"საბჭოს როტაციული თავმჯდომარეობა არ ასრულებს არანაირ როლს კავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე და არ მიუღია მანდატი, რომ იმოქმედოს კავშირის სახელით", - ნათქვამია შარლ მიშელის საპასუხო წერილში.
შარლ მიშელი წერილში ასევე უარყოფს ვიქტორ ორბანის მტკიცებას, რომ ევროკავშირი უკრაინის მიმართ "ომის მომხრე“ პოლიტიკას ახორციელებდა.
"ყველაფერი ზუსტადაც რომ პირიქითაა. რუსეთი - აგრესორია, უკრაინა კი - მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას", - ამბობს შარლ მიშელი.
უნგრეთი ივლისში ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე როტაციის წესით გახდა. ამის შემდეგ პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, მის მიერ გამოცხადებული "სამშვიდობო მისიის" ფარგლებში, ჯერ კიევში შემდეგ კი მოსკოვში, პეკინსა და ვაშინგტონში იმყოფებოდა და ავტორიზაციის გარეშე ამბობდა, რომ ევროკავშირს წარმოადგენდა.
ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, სადაც ის დონალდ ტრამპსაც შეხვდა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 27 ქვეყანას წერილი მისწერა, სადაც ამბობდა, რომ რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მზადაა, "დაუყოვნებლივ" იმოქმედოს, როგორც "მშვიდობის შუამავალმა" უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომში.
ამასთან, გამოცემა Bild წერდა, რომ შარლ მიშელს წერილში ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდა. ასევე, წერილში ის ჩინეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზეც ამახვილებდა ყურადღებას.