მიმდინარე კვირაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"მიმდინარე კვირაში ისრაელში, პალესტინაში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, კატარსა და იორდანიაში გავემგზავრები, რათა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება და სხვა პოლიტიკური საკითხები განვიხილო.
ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ჰორიზონტი, რათა ორი სახელმწიფოს [საკითხი] გადავწყვიტოთ. ამის მიღწევა მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელი", - წერს Twitter-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.